logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: უცნაური კაცი ყოფილა ეს შევარდნაძე - „სხვა ქვეყნის“ ტერიტორიას „მუზეუმ-ნაკრძალად“ აცხადებდა
- +

16 ოქტომბერი. 2020. 12:08

 

 

უცნაური კაცი ყოფილა ეს შევარდნაძე და უცნაურ ხელისუფლებასაც თავკაცობდა, რამეთუ დღისით, მზისით, მთელი დუნიის დასანახ-გასაგონად  უცნაურ „ქველმოქმედებას“ ეწეოდა. წარმოგიდგენიათ

 

- „სხვა ქვეყნის“ ტერიტორიას „მუზეუმ-ნაკრძალად“ აცხადებდა;

- „სხვა ქვეყნის“ ტერიტორიაზე მდგომ ტაძრებს აღადგენდა;

- „სხვა ქვეყნის“ ტერიტორიაზე აცოცხლებდა, ამწვანებდა და აყვავებდა  უ დ ა ბ ნ ო ს!!!

- „სხვა ქვეყნის“ ტერიტორიაზე გაყავდა წყალი, საავტომობილო გზა, ელექტროხაზები;

- „სხვა ქვეყნის“ ტერიტორიაზე ჩაასახლა ხალხი;

- „სხვა ქვეყნის“ ტერიტორიაზე უშენებდა ახალმოსახლეებს  ბინებს, სახლებს, კულტურის კერებს;

- „სხვა ქვეყნის“ ტერიტორიაზე ქმნიდა საწარმოებს, სოფლის მეურნეობის სტრუქტურებს;

- „სხვა ქვეყნის“ ტერიტორიაზე აწესებდა სახალხო დღესასწაულს „გარეჯობას“;

- „სხვა ქვეყნის“ ტერიტორიაზე  ჩამოყავდა სტუმრები და მარშალიც კი;

- „სხვა ქვეყნის“ ტერიტორიიდან სამხედრო პოლიგონის გაყვანის პროცესი დაიწყო და მისმა მემკვიდრეებმა მოახერხეს ამ საქმის დაგვირგვინება;

- „სხვა ქვეყნის“ ტერიტორიაზე ნიშნავდა რაიკომის მდივნებს, რომელთაგანაც ერთმა უვაჟკაცესმა ქალმა, გვარ-სახელად მედეა მეზვრიშვილმა, იმ(!!!) საუკუნის რამდენიმე წელიწადში, „იმპერიის“ პირობებში   გააკეთა გარეჯისთვის უფრო მეტი, ვიდრე ამ(!!!) საუკუნის დროს, დამოუკიდებელი ქვეყნის პირობებში მოქმედი - ნოღაიდელების, მერაბიშვილების, რურუების, კალანდაძეების და სხვა „ნამდვილი“(!!!) თუ „გვარგადაკეთებული“, ვითომ მართლმადიდებელი თუ ნაღდი კათოლიკე ქართველების - ხელისუფლებამ, რომელიც გარეჯს საქართველოს კანონიერ, ისტორიულ ტერიტორიად არ თვლიდა და უვიცობის, სიბრიყვის თუ „ქრთამის“ გამო ამის შესახებ ოფიციალურად წერდა და „ღრიალებდა“.

 

და ყველაფერ ამ „ბოროტებას“ წინათ მშვიდად ადევნებდა თვალს ნავთობით უმდიდრესი მეზობელი, ერთხელაც არ გაუპროტესტებია მის „საშინაო საქმეებში“ უცხო ქვეყნის ხელისუფლების „ჩარევა“. სამაგიეროდ, ბედოვლათთა და ხარბ მაღალჩინოსანთა „მოღალატეობრივი“ პოზიციის შედეგად, ახლა საქართველო პოლიტიკური ხვეწნა-მუდარის თუ ბრძოლის ვითარებაში ცდილობს დაიბრუნოს არა მარტო უკანონოდ გასხვისებული ტერიტორია თუ უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-რელიგიურ-კულტურული კომპლექსი, არამედ...  ეროვნული ღ ი რ ს ე ბ ა.

 

და ამ ისტორიის შემხედვარე, ხომ უნდა გადაირიო და მთელ საქართველოსთან ერთად დასცხო მქუხარე, ოვაციებში გადაზრდილი სიმწრის

 

ტ ა შ ი, კუკური?!

 

P.S.: მადლობა „ტიტე ნატუტარს“ მოძიებული მასალისთვის.

 

 

„ტიტე ნატუტარი“: 1976 წლის 16 მაისს , ედუარდ შევარდნაძის ცკ-ს პირველი მდივნობის დროს, დაწესდა სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი თავისი ტაძრებით, საეკლესიო დანიშნულების შენობა-ნაგებობებით და მიმდებარე მიწის ნაკვეთებით გამოცხადდა ისტორიულ მუზეუმ-ნაკრძალად.

 

გარეჯის ზეგანზე მდებარე სოფელ უდაბნოში ასობით ოჯახი დასახლდა, აღორძინდა მეურნეობა, გაიყვანეს საავტომობილო გზა, სასმელი და სარწყავი წყალი, ელექტროენერგია. დაიწყო დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ყველა ტაძრის აღდგენა...

 

ანუ შევარდნაძემ უცხო სახელმწიფოს ტერიტორია გამოაცხადა მუზეუმ-ნაკრძალად?!

 

 

right_banner
არქივი
right_banner