logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ეტყობა, ვიღაცეებს უნდათ, რომ საზოგადოებაში პანიკა ატყდეს...
- +

6 თებერვალი. 2020. 12:14

 

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ შეაფასა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოფიციალური განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ვირუსის ბევრ ქვეყანაში გავრცელებაა. შექმნილი ვითარების გამო არაერთმა ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეები ჩინეთიდან გაიყვანა. მათ შორის არის საქართველო – უხანიდან თურქეთში. თურქეთის 34 მოქალაქესთან ერთად საქართველოს, ალბანეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც ჩაიყვანეს.

 

 

ჯერჯერობით საქართველოში კორონავირუსული ინფექციის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი საქართველოს, ორი კი ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთიდან ჩამოსულ მცირეწლოვან ტყუპს A-ტიპის ვირუსი აღმოაჩნდა და ისინი კლინიკიდან გაეწერებიან, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალბატონის შემთხვევაში, მედიკოსები გამორიცხავენ კორონავირუსის ალბათობას, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად ელოდებიან ლაბორატორიულ დასკვნებს.

 

თბილისის ინფექციური საავადყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით: „ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვან ტყუპს, რომლებიც 30 იანვარს გუდაურიდან ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოიყვანეს, არ დაუდასტურდათ კორონავირუსის ინფექცია. „მათ A–ტიპის გრიპი აქვთ. რაც შეეხება კიდევ ორ პაციენტს... საქართველოს მოქალაქე 24 წლის მამაკაცს, რომელიც ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა, გამოკვლევის თანახმად, პნევმონია არა აქვს, რაც კორონავირუსის ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა, მაგრამ ჯერჯერობით ჩატარებული კვლევით არც სხვა რომელიმე ცნობილი ვირუსული ინფექცია გამოვლენია. ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს ახალგაზრდა ქალსაც, რომელიც 30 იანვარს ჩამოფრინდა დუბაიდან. დუბაიმდე ის ჩინეთის ქალაქ უხანში, მოგვიანებით კი, ტაილანდში იმყოფებოდა. მას არ აღმოაჩნდა პნევმონია, არც ტემპერატურის მატება აღენიშნება. დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს არა აქვთ კორონავირუსი, თუმცა გერმანიაში გაიგზავნა ორივეს ბიოლოგიური მასალა... მათ შემთხვევაში კორონავირუსის საფრთხე მინიმალურია“.

 

კორონავირუსთან დაკავშირებულ კითხვებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უპასუხებს.

 

– აეროპორტში ყველა მგზავრს ამოწმებენ, თუ შერჩევითი პრინციპით? ზოგიერთმა აღნიშნა, რომ რეისიდან თერმული სკრინინგისთვის მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიიხმეს.

 

– აეროპორტში მუშაობენ რამდენიმე სკანერით – დისტანციურით და პერსონალურით. პერსონალური სკანერით გულდასმით ამოწმებენ საეჭვო მგზავრებს, მაგალითად, ჩინეთიდან ჩამოსულებს... მეორე, ანუ დისტანციური სკანერი ყველა მგზავრს ამოწმებს და თუ სიცხიანს აღმოაჩენს, მის დათვალიერებას უკვე პერსონალურად იწყებენ. ასე რომ, ტყუილია, თითქოს ყველა მგზავრი არ მოწმდება. მოწმდება ყველა, მაგრამ აჩვერებენ და საგულდაგულოდ სინჯავენ მას, ვის მიმართაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვები ჩნდება.

 

– საქართველოს სამი მოქალაქე, ქართულ მხარესთან შეთანხმებით, ჩინეთიდან უკვე ჩაიყვანეს თურქეთში. როგორია მათი მდგომარეობა?

 

– ისინი თავს კარგად გრძნობენ და ამჟამად ექიმების დაკვირვებით ანკარაში კარანტინში არიან. კარანტინი კი ორ კვირას გასტანს.

 

– საქართველოში ჩამოსულ ჩინეთის მოქალაქეებს როგორ აკონტროლებთ?

 

– ყველა ჩამოსული ჯგუფი ორ კვირას ატარებს იზოლირებულ ბანაკში. მათ მიჩენილი ჰყავთ ექიმები.

 

– ვირუსისგან დასაცავად მხოლოდ პირბადით სიარული კმარა?

 

– კარგია, თუ ყველას ექნება პირბადე, მაგრამ უნდა იცოდეთ პირბადის გამოყენების წესები. რამდენჯერ მინახავს –  საკვების ან წყლის მიღებისას პირბადეს მოიხსნიან, ხან სად დადებენ, ხან სად და მერე ისევ იკეთებენ. პირბადის ასეთი გამოყენებით თავს კი არ იცავთ, პირიქით, დაინფიცირების რისკს ზრდით.

 

– კორონავირუსის შესახებ ლეგენდები ვრცელდება, ზოგი, მაგალითად, ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათის აღებისგანაც იკავებს თავს...

 

– ეს ფანტასტიკის სფეროა, რადგან ვირუსის მაქსიმალური სიცოცხლისუნარიანობა რამდენიმე საათია, ამანათი კი ერთ დღეში არ ჩამოდის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ კრძალავს ჩინეთთან მიმოსვლას და ვაჭრობას.

 

– რით განსხვავდება სეზონური ვირუსისგან კორონავირუსი?

 

– სეზონური ვირუსული დაავადებები მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად. კორონავირუსს კი განსაკუთრებით მძიმე გამოვლინება აქვს დაავადებულთა 20-30%-ში და მწვავე პნევმონიაში გადადის.

 

– რა სიმპტომები ახასიათებს ამ ვირუსს?

 

– ძირითადი სიმპტომებია ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელება, მაგრამ რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა, ისინი, მხოლოდ მდგომარეობას აუმჯობესებს და გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ფატალური შედეგი იმ შემთხვევებში დგება, როცა პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია.

 

– ვინ არიან რისკ-ჯგუფში?

 

– ხანშიშესულები და ქრონიკულად დაავადებულები, ისევე, როგორც ნებისმიერი სახის გრიპის დროს.

 

– რა ვიცით ამ შტამის შესახებ, გარდა იმისა, რომ გადადის ადამიანიდან ადამიანზე?

 

– ვირუსი მხოლოდ ერთი თვის არის. ჯერ ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მოსაზრება და თეორია გამოითქვა. ერთ-ერთი თეორია არის ამერიკელი მეცნიერების, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია არასპეციფიკურად დაიცვას ამ დაავადებისგან. ამ მოსაზრების საფუძველია ის, რომ ბავშვები და ახალგაზრდები ნაკლებად ავადდებიან და მძიმე შემთხვევებიც არ არის. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ, მაგრამ ვიმეორებ, ეს ყველაფერი არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ამიტომ ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია.

 

– „ბი-ბი-სიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიძლება დაინფიცირებულ ადამიანს რამდენიმე დღის განმავლობაში სიმპტომები არ გამოუვლინდეს.

 

– ბევრი დეტალის შესწავლა ახლა მიმდინარეობს. გამორიცხული არ არის, რომ გარკვეულ ეტაპზე ვირუსი ორგანიზმში იყოს და უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ინკუბაციის პერიოდად დადგენილია ორი კვირა.

 

– სოციალური ქსელით სხვადასხვა სახის შეტყობინება ვრცელდება, რომლებიც საზოგადოებაში პანიკას თესავს კორონავირუსის საქართველოში გავრცელებასთან დაკავშირებით.

 

– ამას ბოროტ ხუმრობასაც ვერ დავარქმევ. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არებობს? ეტყობა, ვიღაცებს უნდათ, რომ საზოგადოებაში პანიკა ატყდეს. დღესდღეობით 26 ქვეყანაშია კორონავირუსი აღმოჩენილი, აქედან ოთხი (გერმანია, აშშ, იაპონია, ვიეტნამი) ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების რვა შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ, როცა ადამიანი ჩინეთში არ არის ნამყოფი, მაგრამ მას ვირუსი გადაედო ჩინეთში ნამყოფი ადამიანისგან, მაგრამ იმ ქვეყნებშიც კი არ არის პანიკა და ჩვენ რატომ უნდა გადავირიოთ, როცა ამის საფუძველი არ გვაქვს?! მთავარია, ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ პანიკის საფუძველი არ გვაქვს.

 

– რას ვარაუდობენ მედიკოსები, თებერვალში დაავადების შემთხვევათა კლების ტენდენცია დაიწყება?

 

– ჯერ ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს მისი შესწავლა-გამოკვლევა და ამ ეტაპზე რამის პროგნოზი ძნელია.

 

 

 

ეკა სალაღაია

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner