logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: „ქართული ოცნება“ უკონკურენციო პარტიაა!
- +

24 ივნისი. 2016. 13:00



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მან „რეპორტიორს" განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციების მიუხედავად ხელისუფლება ყველაფერს  გააკეთებს, რომ  საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს. ასევე ნიშნიანიძემ აღნიშნა, რომ ბევრ ოპოზიციურ პარტიას 5%-ანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს და შეიძლება  „ნაციონალური მოძრაობამ" პარლამენტში მეორე ადგილი ვერ შეინარჩუნოს.


- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე  5%-ანი ბარიერის გადალახვის შანსი რომელ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ?

 

- უმრავლესობის მოპოვების დიდი შანსი  „ქართულ ოცნებას" აქვს. 5%-იან ბარიერს რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს, მათ შორის ალბათ „ნაციონალური მოძრაობა". ბარიერს გადალახავენ „პატრიოტთა ალიანსი", „თავისუფალი დემოკრატები", „რესპუბლიკელები", მეჭიაურის და ბურჭულაძის პარტები. ოქტომბრამდე დიდი დროა, საკითხავია, რომელი პოლიტიკური პარტიის რეიტინგი აიწევს ან დაიწევს. გამორიცხული არაა, ახალი რეიტინგული პარტიები  გამოჩნდეს.


- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა" მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩება? რომელი პოლიტიკური სუბიექტ დაიკავებს მეორე ადგილს პარლამენტში?


- პირველი ადგილისთვის ბრძოლა „ქართულ ოცნებას" არ გაუჭირდება, უკონკურენციო პარტიაა. მეორე ადგილზე, არ გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ადგილი  სხვა პოლიტიკურმა ძალამ დაიკავოს. განვითარება თუ გვინდა, მომავალში „ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური ძალა არ უნდა იყოს. მისი ადგილის დაკავების შანსი აქვს რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს.

 

- გაკეთდა განცხადებები, რომ 8 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციას გეგმავს. თქვენი აზრით, როგორ გარემოში ჩაივლის საპარლამენტო არჩევნები?


- „ნაციონალური მოძრაობა" წამოვა პროვოკაციებზე. მათი ერთადერთი შანსი ეს არის, რადგან  ძალიან გაუჭირდებათ  მეორე ადგილის შენარჩუნება. კორცხელის ინციდენტი   ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი იყო. ყველაფერს გააკეთებს მთავრობა, განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურები, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს. საარჩევნო მარათონი ჩაივლის მშვიდ გარემოში, რათა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ არ დადგეს.


- რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დაპირისპირება არ მოხდეს?


- პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით და  ქცევის კოდექსი მივიღეთ. პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადებები, რომელსაც დავეთანხმეთ. ძალოვანი სტრუქტურები გვყავს. წინასწარი პრევენცია გატარდება, რომ არჩევნებზე არ მოხდეს ძალადობა. ამ საკითხზე მუშაობა შედეგს გამოიღებს. არჩევნებიც მშვიდ გარემოში ჩაივლის.

 

- გაკეთდა განცხადებები, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის გადადების პროცესი საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს, კონკრეტულად საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლებას 8 ოქტომბრის შემდგომ თუ მანამდე მიიღებს?


- საქართველომ ყველაფერი გააკეთა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირის კიდევ ერთი შეცდომა იქნება, თუ არჩევნებამდე არ მოახდენს მის რატიფიცირებას და ვიზა-ლიბერალიზაციას არ მოგვცემს. ადგილობრივი, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში უკვე ჩატარდა და გამოცდა ჩავაბარეთ. ევროპა უნდა გამოფხიზლდეს და გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით სწრაფად მიიღოს.



 

right_banner
არქივი
right_banner