top_leaderboard

ატლანტას მწვრთნელი: ლობჟანიძე ტაქტიკურად და მენტალურად ვითარდება

ატლანტა იუნაიტედის ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში MLS-ში პირველი გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი ორლანდო სიტი 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ ჯორჯიელების მთავარმა მწვრთნელმა, გონსალო პინედამ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც თამაში შეაფასა და რა თქმა უნდა, ლობჟანიძეზეც ისაუბრა. მექსიკელმა სპეციალისტმა საბა შეაქო და დაცვაში მისი თამაში გამოარჩია.

“კოლუმბუსის წინააღმდეგ, ისევე როგორც ამ შეხვედრაში, დაცვაშიც და შეტევაშიც შთამბეჭდავი იყო. ის ძალიან ბევრს შრომობდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ წინასასეზონო ეტაპის დროს მიზანი ჰქონდა, უფრო მეტი და უკეთესად ევარჯიშა, რადგან ბურთი უფრო ხშირად მოეპოვებინა… წელს ის ამასთან უფრო ახლოსაა და უფრო აგრესიულია. პრესინგის დროს გაცილებით უკეთესია. ტაქტიკურად და მენტალურად დაცვით ფაზაში ის ძალიან ვითარდება”, – აღნიშნა ატლანტა იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა.

ატლანტა იუნაიტედს მიმდინარე რეგულარულ სეზონში 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, პინედას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 6 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 24 მარტს სტუმრად ტორონტოსთან გამართავს.

როგორც იცით, ვილი სანიოლმა ლობჟანიძე ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის არ გამოიძახა და აღნიშნა, რომ საბას ჩემპიონატში რთული მატჩი აქვს და ხანგრძლივი მგზავრობის გამო ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზად არ იქნებოდა, რადგან აღდგენისთვის ძალიან ცოტა დრო ექნებოდა.

ასევე იხილეთ