top_leaderboard

ბაკურ სვანიძე: რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდამ

ბოლო რამდენიმე არჩევნებია, გამოთქმამ „საარჩევნო მარათონი“ აზრი დაკარგა. რეალურად, „მარათონი“ საპარლამენტო არჩევნებს მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება ეწოდოს. ოპოზიური პარტიებისთვის კი, არჩვენების წინა პერიოდი, „მარათონზე“, სირბილზე და „ჭენებაზე“ მეტად, ჩანჩალი და ფორთხვა უფროა. ასე იყო 2016 და 2020 წლის არჩევნებზე და ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ჭკუა ესწავალათ, ყური გამოეფხიკათ და ერთი ადგილი გაენძრიათ, როგორც ჩანს, ყველაფერი პირიქითაა და 2024 წლის არჩევნები წინებზე მეტად დომინანტური იქნება „ქართული ოცნებისთვის“, შესაბამისად, მეტად მაჩანჩალური – ოპოზციური პარტიებისთვის. აქვე სათქმელია ქართული პოლიტიკის ორიგინალობაც. კერძოდ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია თავის მხრივ, კიდევ ორ ურთიერთოპოზიციურ ნაწილად იყოფა – „ნაცური ოპოზიცია“ და „ანტინაცური ოპოზიცია“. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს „ოპოზიციები“ ერთმანეთს უფრო უწევენ ხოლმე დაუნდობელ ოპონირებას, ვიდრე ხელისუფლებასა და მთავრობას. მაგალითად, „ალტ-ინფო კონსერვატორებს“, რომლებიც, რატომღაც, ამ არჩევნებზე საკუთარ თავს „მთავარ ოპოზიციურ ძალად“ მიიჩნევენ, არც ერთი პოლიტიკური აქცია არ ჩაუტარებია მოქმედი მთავრობისა და ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი ყოველი გამოვარდნა ქუჩაში, გამოკვეთილად მხოლოდ ე.წ. „ლიბერასტებისა“ და მათი მფრაველი პოლიტიკური ძალების – „ნაცური ოპოზიციის“ წინააღმდეგ იყო მიმართული. საინტერესოა ისიც, რომ „არანაცური ოპოზიციის“ დანარჩენი წარმომადგენლები, მათ შორის ყველაზე სახელიანი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, 2024 წლის არჩევნების წინ, ჯერჯერობით, უჩვეულოდ ჩუმად არიან და მათი ჩამი-ჩუმი არ ისმის. სწორედ ეს აძლევს, ალბათ, „ალტ-ინფოს“ გაყოყოჩების საფუძველს, თუმცა, მათი ფანტაზია „ლიბერასტებთან“ და „ლგბტ“-სთან ბრძოლით ხალხზე იაფფასიანი შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობის იქით ვერ მიდის და მათი ასეთი არასერიოზულობის გამო, მთავარ ოპოზიციურ ნიშს ისევ „ნაც-ოპოზიცია“ ინარჩუნებს. თუმცა, ამ უკანასკნელთა ფართხალიც, უკვე ტრაგიკომიკურობის სახეს იძენს და ეს თავის მხრივ „ოცნების რაშს“ კიდევ უფრო თამამად მიაჭენებს არჩევნებისკენ. მოდით, მოკლედ განვიხილოთ „ოპოზიციური ფართხალის“ ოთხი ასეთი ტრაგიკომიკური მაგალითი.

1. გედის პერსონალური ტბა და გედისვე სიმღერა

ზოგს გაუკვირდა, როცა ოფიციალურად გაცხადდა – გედი ფოფხაძე ამ არჩევნებზე ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდის შემადგენლობაში შეეცდება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრასო. არადა, გასაკვირი არაფერია და პირიქით, ლოგიკურიც კია ყველაფერი, თუკი გავიხსენებთ, ჯერ კიდევ როდის აწყობდა ყოფილი „ოცნებელი“ ფოფხაძე „გედების ტბის“ წარმოდგენებს სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით. კომიკური იმ შემთხვევაში ის იყო, რომ მიუხედავად მრავალგზის მოწოდებისა, არც ერთი ოპოზიციური პარტია და ლიდერი არ შეუერთდა გედის მოთხოვნას, რომ შესაბამისი კანონის დარღვევით, სასამართლოს ეზოშივე გაემართათ პოლიტიკური აქცია-მანიფესტაცია. შესაბამისად, „გედების ტბა“ არ შედგა და გედის სრულიად მარტოს მოუწია „პოლიტიკური პუანტების“ მორგება. მოგვიანებით, „მანიაკი ნაცების სადისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი“ ფოფხაძე სიხარულით შეეგება შეწყალებულ ყოფილ ნაც-პროკურორს და აწ უკვე, როგორც ხედავთ, მისი პოლიტიკური გუნდის წევრიც კი გახდა ოფიციალურად. ანუ, შეიძლება ითქვას, საკუთარ პერსონალურ ტბაში მობანავემ, უკვე პოლიტიკური გედის სიმღერაც წამოიწყო და ოქტომბრის ბოლოს, სავარაუდოდ, მისთვის აშკარად მინორულ ნოტებზე დაამთავრებს. ასე ხდება, როდესაც გედი იმდენად დაიბოღმება და გამოტვინდება, რომ მის გარშემო არსებული წუმპე ტბა ჰგონია.

2. დაუვიწყარი სახეები არც ისე კარგად დავიწყებული ძველი იდეებით

ნიკა გვარამიას თემითვე გავაგრძელოთ. ყოფილი პროკურორი მთელი მონდომებით ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ ის ასევე ყოფილი მანიაკია. არადა, პროკურორობისგან განსხვავებით, რაც უბრალოდ, თანამდებობაა და კაცი შეიძლება ყოფილი პროკურორი იყოს, მანიაკობა შინაგანი ბუნებაა კაცისა და ყოფილი მანიაკი ბუნებაში არ არსებობს. უბრალოდ, გარემოებების მიხედვით, მანიაკმა შეიძლება თავი მოიკატუნოს. ოღონდ ეს მაშინ, როდესაც მისი მანიაკობები ასე ძალიან არ არის საჯაროდ განთქმული. ნიკა გვარამია კი, მანიაკთა ბანდის ერთ-ერთი ძირითადი წევრი და იდეოლოგი გახლდათ და სწორედ მას ევალებოდა მედიაში ზე-მანიაკთა მანიაკობების „გამაპრავებელი“ ფილმების მომზადება. ასე რომ, გვარამია, შეგვიძლია ქართველი საზოგადოებისათვის დაუვიწყარ მანიაკად მივიჩნიოთ, მისი თავის მოკატუნებები კი – სირაქლემას უნიჭო კონსპირაციის სამაგალითო ნიმუშად. არანაკლებ საინტერესოა მისი ამბიციები, რომ თითქოს ნამეტარი ორიგინალური „კრეატივშიკია“. მაგალითად, თავის დროზე, როდესაც უკანონოდ მითვისებული „რუსთავი2“ დააბრუნებინეს და „მთავარი არხი“ დააარსა, პირველივე ეთერშიც და შემდეგ სოციალურ ქსელებშიც თავი წაგვჭამა – აგე, რა მაგარი „კრეატიული“ ვინმე ვარ, მთელ ქართულ მედიას გადავუჯოკრე, ისეთი მაგარი და ორიგინალური სახელი მოვიფიქრე მედიასაშუალებისთვის – „მთავარი არხიო“! არადა, ჯერ კიდევ ნიკას პროკურორობის დროსვე არსებობდა „მთავარი გაზეთი“, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის მედიაჰოლდინგის შემადგენელი ნაწილი იყო და რეგიონებში კიდევ, ცალკე ჰქონდა სხვადასხვა გამოცემები ძირითადი ბრენდით – „მთავარი“. სახელდობრ „მთავარი – იმერეთში“ „მთავარი-კახეთში“ „მთავარი-სამეგრელოში“ და ა.შ.

ამჟამად კი, გვარამია უკვე იმით ტრაბახობს – პოლიტიკური პარტიის მეტად „კრეატიული“ და ორიგინალური სახელი მოვიფქრეო. არადა, მან პარტიას „ახალი“ დაარქვა, რაც რეალურად, მსოფლიოშიც და საქართველოშიც ყველაზე „ნათრევი“ ბრენდია როგორც კომერციულ სფეროში, ასევე პოლიტიკაშიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ გრეჩიხა-გაჩეჩილაძისა და დავით გამყრელიძის „ახლებმა“ მისცეს ლეგიტიმაცია 2003 წლის პარლამენტს, როცა იქ გამოცხადებით კვორუმი შექმნეს, რითაც მიშა სააკაშვილს „ვარდების რევილუციის“ დაწყების საბაბი მიეცა. ასე ტრაბახობს უნიჭო ნიკა 20 და მეტი წლის წინანდელი ბრენდების მითვისებით. არ ვიცით, ნაცების დროინდელი ადამიანთა წამების მეთოდებიც საკუთარ „კრეატივად“ მიაჩნია თუ არა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ბატონი ნიკა ან ნამეტარი უნიჭოა, ან მართლაც აზრზე არ არის, რა? სად? როდის?

3. სად ჰყავს თეოფილე გაბუნიას დურუ მათხოვარის გასალახი იაგო ხვიჩია?

ცნობილი ქართული კომედიური ფილმის „რეკორდის“ პერსონაჟის ეს სიტყვები გამახსენდა, როდესაც ტელეეთერში „გირჩის“ ცხვირმონგრეული ლიდერის, იაგო ხვიჩიას სამედიცინო „ლეიკო“-გადაკრული სახე დავინახე. სიმართლე გითხრათ, ძალადობაზე და ადამიანის ცემა-ტყეპაზე ხალისი არასოდეს მიმაჩნდა სწორად, მაგრამ როდესაც გატყეპილი ადამიანი თავადვე იქცევა ისე, რომ მისივე გატყეპვის ფაქტს კომიკური სახე მისცემს, მერე, ძალაუნებურად შენც შემოგეკომიკურება. „გირჩი“-იაგოსა და ვინმე პირობითი ქურდი-მახოს აზროვნება, საუბრის მანერა და ლექსიკა დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, არც ამ შემთხვევიდან მალევე გაკეთებულ საჯარო მოკლე კომენტარებში და არც მოგვიანებით, ინგა გრიგოლიას ტოქ-შოუში. „პოლიციასთან არ ვითანამშრომლებ. არ ვარ მე ის კაცი, ვინმე ჩხუბისთვის და ცემისთვის ციხეში გავუშვა. გასალახი გაილახება, ძმაო. ჩათვალეთ, რომ ვემუქრები, ჩვენ მას ვიპოვით და გავლახავთ. ახლაც კარგად გაილახა, მაგრამ მეორედაც უნდა გაილახოს ყველა გაგებით“, – ასეთი მოძველბიჭო პათოსი მართლაც სასაცილოა ისეთი ცანცარა პოლიტიკური ძალის ლიდერისთვის, რომელსაც სახელად  „გირჩი“ ჰქვია. თუმცა, ეს ხომ საქართველოა, სადაც მღვდელს დედიშობილას, მხოლოდ ხალათის ამარა უნდება „ნაშებთან“ ერთად აუზის პირას როკვა, ცნობილი ფემინისტი დედაკაცი მამაკაცებისგან განსაკუთრებულ პატივისცემას და სარვამარტოდ იების თაიგულის მირთმევას ითხოვს, ხოლო მკვეთრად ლიბერალური იდეოლოგიის მქონე პარტიის ლიდერი და პარლამენტარი „ქურდულად“ არჩევს საქმეს პირდაპირ ეთერში… ასე იგდებს თავადვე საკუთარ თავს მასხრად იაგო ხვიჩა, იმ ანეკდოტის პერსონაჟის მსგავსად, რომელიც ძმაბიჭებში ტრაბახობს – ვიღაც ტიპი ისე გავლახე, ისე გავლახე, სულ სახე ვურტყი ფეხებშიო. ანალოგიურად ურტყა იაგომაც ცხვირი ფეხებში იმ ვიღაც „არჩაშვებულ“ უცნობს, თან დიდი მონდომებით ურტყა ალბათ, რადგან ისეთი სიფართის „ლეიკო“ ჰქონდა ცხვირზე გადაკრული, ცალ თვალს, ცალ ლოყას და შუბლის ნახევარსაც უფარავდა. ეს ტრაგიკომიკური სურათი, მთლიანობაში ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ თუკი იაგოს ბაბუა ცოცხალია და ტელევიზორსაც უყურებდა, აუცილებლად შესძახებდა – ჰაიტ! სად ჰყავს თეოფილე გაბუნიას დურუ მათხოვარის გასალახი შვილიშვილი?!

4.

კიდევ ერთ ქართულ პოლიტიკურ ტრაგიკომედიად პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკისა და რუსეთში მცხოვრები ქართველის, ვინმე დავით ხიდაშელის შეხვედრა მიგვაჩნია. თუმცა, აქ ორიგინალური ისაა, რომ ტრაგიკომედიის მთავარ გმირებად ამ შეხვედრის მონაწილე მხარეები კი არა, მათი შეხვედრის დროს იქ მივარდნილი „ანტირუსი-მგიმოელი“ ელენე ხოშტარია-„ლიაკა“ და მისი ორგანიზაციის, „დროას“ წევრები მიგვაჩნია. საქმე ისაა, რომ ადამიანი, რუსეთიდან ჩამოვა თუ მარსიდან, თუკი შეხვედრას და კერძო საუბარს ითხოვს და შეხვდები, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. შეხვედრა არ ნიშნავს უპირობო თანხმობას იმაზე, რასაც ამ შეხვედრაზე გესაუბრებიან. აი, საინტერესო და მთავარი ის არის, საიდან იცის ხოლმე ყოველთვის „მგიმო“-ს ანუ, რუსული სპეცსამსახურების უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულმა ლიაკა-ხოშტარიამ ასე წინასწარ, ვინ ჩამოდის რუსეთიდან და ვისთან აპირებს შეხვედრას? საკმარისია, თუნდაც ცნობილი ე.წ. „გავრილოვის ღამე“ გავიხსენოთ, როცა ბატონ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩადებული უკანალი ჯერ ოდნავაც არ ჰქონდა შემთბარი, როცა „ლიაკა“ და მისი ამფსონები უკვე შვიშტოკებით იყვნენ დარბაზში შევარდნილი. ჯანდაბას, ვინმემ შეიძლება ამას უსწრაფესი რეაგირების უნარიც დაარქვას, მაგრამ რით ავხსნით უკვე მომზადებულ ტრანსპარანტებს და ლოზუნგებს, რომლებიც მოპროტესტეებს ეჭირათ და რომლებიც ზედმიწევნით ასახავდნენ იმ მოვლენებს თუ საქციელებს, რასაც გავრილოვი ცოტა ხნის შემდეგ ჩაიდენდა? ფაქტია, „ლიაკა“ ან გულთმისანია, ან კიდევ… ისა… რა ჰქვია იმას?.. თუმცა, თუ გულთმისნის ვერსიისკენ გადავიხრებით, მაშინ ისმის ლოგიკური კითხვა, რაღა მაინცადამაინც მხოლოდ რუსეთის და რუსეთიდან ჩამოსული პერსონების მიმართ აქვს „ლიაკას“ ასეთი „გულთმისნობები“? ჰოდა, რა ვიცი, ჩვენ უფრო „ისარქავიას“-ვერსიას ვემხრობით და თქვენ როგორც გინდათ, ისე იფიქრეთ – აზრის, სიტყვის, გამოხატვის, ლანძღვის, გინების და ცილისწამების თავისუფლებაც ხომ ჩვენს ქვეყანაში გადასარევად არის დაცული!

 

ასევე იხილეთ