logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, ოპოზიციას შორის არიან პოლიტიკური ძალები, რომელთა განწყობაა, მომავალსა და საარჩევნო რეფორმაზე იფიქრონ
- +

14 იანვარი. 2021. 15:33

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის განცხადებების ფონზე ნათელია, რომ მათ შორის არიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა განწყობაა, მომავალსა და საარჩევნო რეფორმაზე იფიქრონ.

 

მისივე თქმით, თუ ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რაიმეს დამტკიცება სურს, პარლამენტში უნდა შევიდნენ და დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ.

 

„მათ განცხადებებს ვაკვირდები და ვხედავთ, რომ განწყობები იცვლება. ვხედავთ, მათ შორის არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც განწყობილი არიან, მომავალსა და საარჩევნო რეფორმაზე იფიქრონ. „მოქალაქეები“ აქტიურობენ და ამბობენ, რომ პარლამენტში შემოსვლა მნიშვნელოვანია, ეს „გირჩის“ მხრიდანაც გვესმის, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“ საუბრობს. მათი განცხადებებიდან ზუსტი დასკვნის გამოტანა რთულია, ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ოპონენტებთან სიმართლეზე უნდა შევთანხმებულიყავით. ჩანდა, რომ სხვადასხვა წარმოდგენა გვქონდა იმის თაობაზე, რა მოხდა 31 ოქტომბერს. ანუ, სიმართლე რა იყო?  ჩვენ სხვანაირად ვხედავთ, ოპონენტები საჯაროდ აცხადებენ, რომ ამას სხვაგვარად ხედავენ. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია, რომ შევთანხმდეთ იმაზე, სიმართლე რა იყო. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ოპონენტებს საარჩევნო უბნების გადათვლა. საგამოძიებო კომისიას ახლაც ვთავაზობთ.

 

ჩვენი ოპონენტები ამბობენ, მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნები გაყალბდა თუ არა, კრიზისში ვართ და ყველა შემთხვევაში ახალი არჩევნები უნდ აიყოსო, რაც წარმოუდგენელია. მათ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ვთავაზობთ და როცა ამბობენ, რომ ახლა ყველაფერი დაგვიანებულია, შეუძლებელი იქნება გამოძიება და ასევე ამბობენ, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, გამოვიძიებთ და დასაჭერს დავიჭერთო, ეს შეუძლებელია და სადღაც ტყუიან. ეს არჩევნები ან გაყალბდა, ან არა, მესამე ვარიანტი არ არსებობს. არჩევნები გაყალბდა თუ არა, ეს რომ დავამტკიცოთ, მტკიცებულებები უნდა წარადგინონ. ვერაფერს ვერ ამტკიცებენ. მათი მხრიდან ყველა არგუმენტი გაბათილებულია და ხელმოსაჭიდი არაფერი აქვთ გარდა იმისა, რომ მრწამსის დონეზე აიყვანეს, არჩევნები გაყალბდა, რაც ცოტა არ იყოს ირონიულია. ჩვენს ოპონენტებში პარტიები არიან, რომლებიც თავს ლიბერალებად მიიჩნევენ და მეორე მხრივ, ასეთ საკითხებზე რწმენის დონეზე საუბრობენ, რაც სერიოზული არ არის. მათ ინსტრუმენტებს იქით ვთავაზობთ, თუ სურთ, რამის დამტკიცება – პარლამენტში შემოვიდნენ და კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ. იცით, რომ კომისიაში უფრო მეტი ძალა ოპოზიციას აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner