top_leaderboard

პაატა ნაცვლიშვილი: ჰოდა, ქუჩის ბუკინისტი საკუთარ ჭერქვეშ

ჰოდა, სათაურის ეს, ერთი შეხედვით, ოქსიმორონი ამ შემთხვევაში სულაც არ გახლავთ ასეთი. თურმე შეიძლება ქუჩის ბუკინისტიც იყო და წიგნის მოყვარულებს საკუთარ ჭერქვეშაც ეპატიჟებოდე.

ჰოდა, ვისაც ბოლო მეოთხედი საუკუნეა მარჯანიშვილის მეტროსთან გაუვლია, იმის მიუხედავად, უყვარს თუ არა წიგნი, ან არის თუ არა მისი მყიდველი, გორებად ახვავებული წიგნის დახლები არ დაენახა, ყოვლად შეუძლებელია.

ჰოდა, წიგნის ძველმა მოყვარულებმა იციან, რომ ეს დახლები და წიგნების მთები თბილისის ერთ-ერთი პირველი ქუჩის ბუკინისტის თენგიზ თაქთაქიშვილის ბიზნესია. ხოლო კიდევ უფრო ძველებს სრულიად ახალგაზრდა თენგოც გვახსოვს, მისი წიგნებიც წაგვიკითხავს, სრულიად უსასყიდლოდ რომ შემოგვთავაზებდა ხოლმე – სახალხო-ფილოსოფიური ბროშურები, დროის სატკივარზე აღძრული კითხვებით. „ვვარგივართ თუ არა ქართველები“ – დღემდე მახსოვს მისი ერთი წიგნის სათაური.

ჰოდა, უცნაური კაცია თენგო. უცნაური მსჯელობა იცის. ისეთ უცნაურ დროს გამოურევს რომელიმე ავტორის ციტატას, რომ თვითონ ციტატის ავტორსაც გაუკვირდებოდა. თბილისელი ბუკინისტები, საერთოდ გამორჩეულები არიან იმით, რომ წიგნებს არა მარტო ყიდულობენ და ყიდიან, არამედ კითხულობენ კიდეც. ნებისმიერ ამინდში კითხულობენ.

ჰოდა, წარმოიდგინეთ, ზამთრის გაყინული დღე, როცა წიგნის კი არა, ადამიანი სითბოსა და პურის ძებნაშია და ამ დროს მარჯანიშვილის მეტროსთან ვეება პალტოში გახვეული მძიმე წონის სათვალიანი მოჭიდავე ზის, თავზე განუყრელი ყურებიანი ქუდი ახურავს და მკერდზე დიდი მუყაო ჰკიდია წარწერით – „ქუჩის ბუკინისტი“ და გაიშვიათებული მკითხველის მოლოდინში წიგნს კითხულობს. ვინ იცის, რომ შეკრიბო რამდენი წელი აქვს გატარებული ქუჩის ბუკინისტს ქუჩაში! არ ვიცი, იქნებ ვინმემ ქუჩის ბუკინისტის შედარებაც მოიწადინოს ქუჩის მუსიკოსთან.

ჰოდა, თავის დროზე სწორედ იმ გაყინულ სიტუაციაში გადავიღე ქუჩის ბუკინისტი იგივე ბუკ-მუსიკოსი თენგო თაქთაქიშვილი და ახლა, ამ პოსტისათვის ბევრი ვეძებე ის ფოტო, მაგრამ ვერსად ვიპოვე ჩემს არეულ-დარეულ არქივში. მინდოდა იმ ფოტოებისთვის დამერთო ამ რამდენიმე დღის წინ რომ გადავიღე და საიდანაც ქუჩის ბუკინისტი სტრიტ-არტისტის კედლიდან მიყურებს.

ჰოდა, მიყურებს სტრიტ ბუკინისტი და ქართულ-ინგლისურად გვეკითხება: „რა არის ადამიანი წიგნის გარეშე?“ თვითონ იცის. ჩვენ გვეკითხება.

ჰოდა, ეს განუყრელ სათვალიანი სტრიტ-თენგო სადღაც რომელიმე კედელზე კი არ ხატია, არამედ სწორედ იმ კედელზე, რომელიც ლიტერატურულ კაფეში შემსვლელთ ეგებება. კაფეს „მოხუცი ბუკინისტის სახლი“ ჰქვია და მოხუცი ბუკინისტი ქუჩაშივე გისვამს იმ კითხვას. ლიტერატურული კაფე თაქთაქიშვილებისაა: თენგოს შვილს, ცოტნე თაქთაქიშვილს, რომელიც ბავშვობიდან წიგნების გარემოცვაში გაიზარდა, მარჯანიშვილის მეტროს წინ ქუჩის ბიზნესიც შეუნარჩუნებია და ეს ლიტერატურული კაფეს გაუხსნია მხატვარ მეუღლესთან ერთად.

ჰოდა, – კარგია, არა? – ქუჩის ბუკინისტი ჭერქვეშ, ლიტერატურულ კაფეში გეპატიჟებათ, კარგად მოწყობილ სივრცეში, სადაც გათბობაც არის, პურიც და ყავაც. სხვა ნუგბარებიც. სანამ ყავას მოგიტანენ, შეგიძლია წიგნიც აარჩიო. თუ იყიდე, კი ბატონო – ძვირიც არ არის, – თუ არა და, აქვე შეგიძლია წაიკითხო. თენგოს აღარც ასაკი და აღარც ცოტნე აღარ აძლევს უფლებას ქუჩაში დგომისა, დახლთან რომელიღაც დამწყები ბუკინისტი დგას. ის კი არა, თენგო ამ თავისი სახელობის კაფეშიც იშვიათად შემოდის. სამაგიეროდ, აქ მისი ბიზნესის ჭერქვეშა ნაწილი ცარიელი არასოდეს არის. მათ უკვე მთელი სტაფი ემსახურება – ზოგი წიგნებთან ტრიალებს, ზოგი – სამზარეულოში.

ჰოდა, ადრე იქნება თუ გვიან, უნდა ვიპოვო ის ფოტო და „მოხუცი ბუკინისტის სახლს“ ვაჩუქო. ძალიან მოუხდება მის ინტერიერს. ამ ინტერიერს ძალიან მოუხდება აგრეთვე ძველი თბილისის სახელგანთქმული ბუკინისტისა და გამომცემლის სოსიკო მერკვილაძის „ცოდნის“ ფოტო. ან შეიძლება არის კიდევაც და მე ვერ შევამჩნიე. სოსიკო მერკვილაძის წიგნების მაღაზია „ცოდნა“ და ქუჩის დახლები მაშინდელი წმინდა გიორგის ქუჩაზე, ქაშვეთთან, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემის შემადგენელი ნაწილი იყო. ეს ფოტო ადვილად იძებნება ინტერნეტში და ჩემს პოსტსაც, დიახაც, მოუხდება. მოუხდება ალბათ მოხუცი ბუკინისტის სახლი-ს ფეისბუქ-პეიჯსაც.

ჰოდა, ამას წინათ, მოვიარე რა თაქთაქიშვილების ბუკ-ბიზნესის ქუჩის ნაწილი, თენგოს სახელობის ლიტერატურულ კაფეშიც შევედი. ორი თუ სამი დღით ადრე ინტერნეტით რამდენიმე წიგნი შევუკვეთე და უნდა წამეღო. კაფე ქუჩის დახლებიდან შორს კი არა არის, იქვეა – დავით აღმაშენებლის 95-ში. შეხვალ თაღში და მერე – მარჯვნივ, სადაც ლამაზად მოსაჯდომ მაგიდებს დაინახავ. კაფეს თენგოს ვეება სათვალიანი სტრიტ-იმიჯით იცნობ. ცოტნე შემეგება. ყავა მაინც დავლიოთო. იმ დღეს შვილიშვილთან ერთად ვიყავი და შინ გველოდნენ. მაგრამ ახლა ვიცი, რომ აქ ხშირად შევივლი. ეს მშვენიერი ადგილია ყავის დასალევად, დასასვენებლად, ლიტერატურული საქმიანი შეხვედრებისათვის, წიგნის შესაძენად, ბოლოს და ბოლოს. ახლა ხალხი წიგნებს უფრო ხშირად ყიდის, ვიდრე ყიდულობს, მე კი ჯერ ისევ ვყიდულობ წიგნებს, – ხოლო თაქთაქიშვილებთან ხშირად აქვთ ისეთი წიგნი, წლობით რომ ეძებს ადამიანი. შენ მიირთმევ ყავას, ამასობაში იმ იშვიათ წიგნსაც მოგართმევენ და…

ჰოდა, მართლაც, რა არის ადამიანი წიგნის გარეშე? უპასუხეთ თენგოსა! და საკუთარ თავსაც უპასუხეთ!

ჰოდა, თუ რომელიმე ჩემმა სტუდენტმა ეს პოსტი ნახა, კარგს იზამს, თუ მეგობრებსაც გაუზიარებს.

ასევე იხილეთ