top_leaderboard

პაატა ნაცვლიშვილი: შეიძინეთ ეს ფოტო, გალაკტიონოლოგებო!

ჰოდა, დღეს 17 მარტია და ზუსტად 65 წლის წინათ 67 წლის გალაკტიონმა „ცაში თვითონ გაშალა ფრთები“.

ჰოდა, მანამდე 24 წლით ადრე, 1935 წელს გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო პარიზში კულტურის დასაცავად გამართულ მწერალთა პირველ საერთაშორისო კონგრესში.

ჰოდა, ამ კონგრესს ესწრებოდა 27 წლის გერმანელი ფოტოგრაფი ჟიზელ ფროინდი – შემდეგში – ფრანგი ფოტოარტისტი და ფოტოგრაფიის ისტორიკოსი. 1935 წელს ის უკვე ორი წლის გადაცხოვრებული იყო საფრანგეთში თავისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო. მერეც ბევრს მოგზაურობდა, დიდხანს ცხოვრობდა არგენტინაში, მერე – მექსიკაში. იყო ფოტოსააგენტო „მაგნუმის“ წევრი. მეგობრობდა რობერტ კაპასთან. იყო საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის ოფიციალური ფოტოგრაფი. გარდაიცვალა 2000 წელს, 91 წლისა. დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე. კარგადაა ცნობილია მის მიერ გადაღებული ხუან პერონისა და ევა პერონის, აგრეთვე დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს ფოტოები. ბევრს იღებდა მწერლებს, მათ შორის ჯეიმს ჯოისსა და ხორხე ლუის ბორხესს. 1939 წელს პარიზსა და ლონდონში მოეწყო მისი გამოფენა „ცნობილი მწერლები“.

ჰოდა, იმ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მის მიერ პარიზის მწერალთა მსოფლიო კონგრესზე გადაღებული ფოტოებიც. ის ერთადერთი იყო, ვინც 1935 წლის კონგრესი ფირზე აღბეჭდა.

ჰოდა, ერთ-ერთ ჯგუფურ ფოტოზე, წინა რიგში აღბეჭდილი არიან ანრი ბარბიუსი, ისააკ ბაბელი, გალაკტიონ ტაბიძე და ბორის პასტერნაკი. თუმცა, ავტორს გალაკტიონის ვინაობა ვერ დაუდგენია და მისი სახელი სამი წერტილით არის ჩანაცვლებული, ხოლო ისაკ ბაბელი ალექსეის ტოლსტოი ჰგონებია.

ჰოდა, პირველად ამ ფოტოზე გალაკტიონის ვინაობა ამოიცნო ზვიად გამსახურდიას ლტოლვილი მთავრობის წევრმა, პოეტმა ენვერ ნიჟარაძემ, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა გერმანიაში. მანვე დააზუსტა, რომ ალექსეი ტოლსტოი სინამდვილეში ისააკ ბაბელი იყო. ამ ფოტოთი ინსპირირებულმა ენვერ ნიჟარაძემ წიგნიც კი მიუძღვნა გალაკტიონის მონაწილეობას პარიზის მსოფლიო კონგრესზე – „საქართველო-პარიზი სხვადასხვა ქნარებია“, თავისი შენიშვნებითა და განმარტებებით. ბუნებრივია, წიგნში მან ეს ფოტოც გამოაქვეყნა.

ჰოდა, მეჩვენება, რომ 2015 წელს თბილისში გამოცემული ეს წიგნი როგორღაც შეუმჩნეველი დარჩენიათ არა მარტო ფართო მკითხველს, არამედ გალაკტიონოლოგებსაც. არადა, დასტურ საჭირო და საინტერესო წიგნია. ყოველ შემთხვევაში, ეს წიგნი არ არის მითითებული გალაკტიონის ცხოვრება-შემოქმედების საგანგებო საიტის http://galaktion.ge/-ს ბიბლიოგრაფიაში. ასევე მგონია, რომ გალაკტიონოლოგებმა არც ეს ფოტო იციან, რაკი იმავე საიტის 1935 წლის ფოტოებში იგი არ არის დამოწმებული.

ჰოდა, აი, ინტერნეტში გადავაწყდი, რომ ამ ფოტოს, როგორც უნიკალურ ნამუშევარს, როგორც ორიგინალს, ჰყიდის მაინის ფრანკფურტის ბერნჰარდ კნაუსის ნატიფ ხელოვნებათა გალერეა. ფოტოს სახელწოდებაა – „ბორის პასტერნაკი იღიმება მწერალთა კონგრესის პრეზიდიუმში“. იქვე მიწერილი წლები – 1980-1985 – გვაფიქრებინებს, რომ ეს ფოტო სავარაუდოდ ამ წლებში ავტორის მიერ არის დაბეჭდილი ან მის მიერ ხელმოწერილი. თუ ეს ასეა, ფოტო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენთვის.

ჰოდა, ვისაც ეს ფოტო ჩემზე მეტად აინტერესებს და სჭირდება, გთხოვთ შეიძინოთ იგი. აი, როგორ შეიძლება ამ საიტის მოძებნა: Gisele Freund / Boris Pasternak smiles on the podium of he writers congress, 1980-1985.

 

ასევე იხილეთ